აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი და მისი მშობელი, რომლებიც ბავშვის გაღიზიანების გამო ბორტზე არ აუშვეს, შემდეგი რეისით, 26 აგვისტოს ათენში უფასოდ გაფრინდებიან. აღნიშნულის შსახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვს ბორტზე ასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, აუტიზმის ფონდ კამპუსის თანადამფუძნებელმა, მარი კორკოტაძემ “ფეისბუქში” გაავრცელა.
“ამ წუთას დამირეკა აუტიზმის მქონე ბავშის მშობელმა. საბერძნეთში ბრუნდებოდა უკან ბავშვთან ერთად და კოპიტნარის აეროპორტში არ გაუშვეს და დატოვეს. როგორც დედამ მითხრა, 2 დღით ადრე აცნობა აეროპორტს ბავშის მდგომარეობის შესახებ.
გაფრენამდე ბავშვს ჰქონდა ისტერიკა, დაამშვიდა დედამ, სასწრაფოც კი გამოიძახეს, ექიმებმაც დასტური მისცეს, რომ ბავშვი მშვიდათაა და შეეძლოთ გაფრენილიყვნენ. მაგრამ ბავშვი არ გაუშვეს და დატოვეს.
როგორც დედამ თქვა, ბავშვს ძალიან უყვარს თვითფრინავი და სანამ დაჯდება მანამ ემართება ეს ისტერიკა, როგორც კი ჩაჯდება თვითფრინავში ეგრევე წყნარდება. ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს.
ბავშვს საქართველოში ყოფნისას გაურთულდა მდგომარეობა, როგორც იცით, აქ ვერანაირ სერვისს ვერ მიიღებს. საბერძნეთში უკვე ეწყება თერაპიები და სკოლა და დედას ვერ მიჰყავს ბავშვი.
ბავშვს არ უშვებენ თვითფრინავში და უარს ეუბნებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს აუტიზმი!
ბილეთის ფული არავინ დაუბრუნა. ახლა ისესხა ფული, რომ ბილეთები ჰქონდეს და ეშინია ისევ იგივე დრეში არ ჩააგდონ”, – წერდა “ფეისბუქში” მარი კორკოტაძე.