საწყისი გვერდი ჩვილი როგორი იქნება ჩემი ახალშობილი?

როგორი იქნება ჩემი ახალშობილი?

არ გაგიკვირდეთ და არ შეშინდეთ, თუ მშობიარობის მერე თქვენი ახალშობილი ცოტა „უცნაურად“ გამოიყურება.

თუ ბუნებრივად იმშობიარეთ, ბავშვის თავი შეიძლება დეფორმირებული მოგეჩვენოთ,რადგან ახალშობილი ვიწრო საშვილოსნოს ყელიდან გაჭირვებით გამოძვრა. როგორც წესი, დეფორმაცია რამდენიმე დღეში თავისით სწორდება.

ასევე, ახალშობილს თავზე აქვს 2 რბილი ადგილი – ერთი უკან და ერთი თავის ზედა ნაწილზე. ეს ადგილები ზუსტად იმისთვის არის, რომ მშობიარობისას თავმა დრეკადობა შეინარჩუნოს. ეს წერტილები, ასევე, თავს ზრდაში ეხმარება. რბილი ადგილების ქვეშ ძლიერი გარსია, ამიტომ არ შეშინდეთ, ხელის მოკიდება ჩვეულებრივად შეგიძლიათ.

ჩვილის სხეულზე შეიძლება შეამჩნიოთ სიწითლე, ნაკაწრები და დალურჯებული ადგილები. ეს ყველაფერი მშობიარობის პროცესის ნაწილია და პირველ 2 კვირაში გაქრება. თუ ხედავთ პაწაწინა თეთრ ან ყვითელ კოპლებს თქვენი ახალშობილის ცხვირსა და ნიკაპზე, ესენიც სულ მალე გაქრებიან თქვენი პატარას სახიდან.

თვალის ფერის გაგება ხომ ყველას გვაინტერესებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ახალშობილებს პირველ დღეებში ხშირად აქვთ ცისფერი ან ნაცრისფერი თვალები, რომლებიც მალე მუქდება. ჩვილი შეიძლება ელამიც მოგეჩვენოთ, რადან მისი თვალის კუნთები ჯერ ძლიერი არ არის. ესეც 6 თვეში გასწორდება.

ჩვილი ცხვირიდან სუნთქავს და მისი ღიპუჩა ადის და ჩადის სუნთქვასთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ ხმამაღალი ან გაჭედილი სუნთქვის ხმა დასიებული სასუნთქი გზების ბრალია, რაც რამდენიმე დღეში ჩაცხრება. თუ შეამჩნევთ, რომ ახალშობილი 5-10 წამი არ სუნთქავს, არ შეშინდეთ, ესეც სრულიად ნორმალურია ჩვილებში.

ბავშვის ფრჩხილები მალე იზრდება. პედიატრები ფრჩხილების გაქლიბვას გვირჩევენ, თუ არ სიამოვნებს, შეგიძლიათ სცადოთ, როცა პატარას ძინავს.