არის თუ არა ვაქცინაცია უსაფრთხო, ჩავუტარო თუ არა შვილს აცრა? – მიუხედავად ვაქცინაციის მეცნიერულად, თუ პრაქტიკულად დადასტურებული უსაფრთხოების და მისი ეფექტურობისა, სამწუხაროდ, მსგავსი კითხვები კვლავ აქტუალურია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტად აქტუალურიც კი, ვიდრე ოდესმე.
სოციალურ ქსელებში, დედების ჯგუფებში და ჩვეულებრივ „ნიუს ფიდში“, ალბათ, არაერთხელ გინახავთ ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებები. დედების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ შვილს აცრას ჩაუტარებს, ამით საფრთხე შეექმნება ბავშვის ჯანმრთელობას, არადა, რეალურად აცრაზე უარის თქმით იზრდება ვირუსული ინფექციების გაჩენის რისკი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპაში ვირუსული ინფექციის, წითელას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოშია.
ასევე, წითელათი ინფიცირებულთა დიდი რაოდენობაა სერბეთში, უკრაინასა და საბერძნეთში.
ზოგადად, წითელათი ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოშია გაზრდილი და ყოველივეს ექსპერტები ვაქცინაციიისადმი სკეპტიკურად განწყობილ ადამიანთა რიცხვის ზრდას უკავშირებენ.
ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, რომ ვაქცინაციისადმი ნდობის დაკარგვა და საკითხისადმი საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი პოლარიზება რუსული მედიის ე.წ. ბოტებთან და ტროლებთანაა დაკავშირებული.
დადასტურებით ვერ ვიტყვით რამდენად ახდენენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსული ბოტები საქართველოში აზრის ფორმირებას, მაგრამ აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსული „ბოტები“ და „ტროლები“ „ტვიტერში“ დეზინფორმაციას ავრცელებენ და ამით ხელოვნურად ქმნიან სოციალურ უთანხმოებას.
კვლევაში ნათქვამია, რომ ტროლები ცდილობენ გავლენა მოახდინონ საზოგადოების აზრზე, ადამიანების არჩევანზე და ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ტროლები წერენ როგორც ვაქცინაციის მხარდამჭერ პოსტებს, ასევე მის საწინააღმდეგოს და ხელოვნურად ქმნიან აზრთა სხვადასხვაობას.
ათასობით პოსტი „ტვიტერში“ ე.წ. ტროლების მიერ დაწერილია 2014-დან 2017 წლამდე პერიოდში.
„ვაქცინაცია ტროლებისა და ბოტების მიერ გამოყვანილია როგორ რაღაც რთული საკითხი, განსაკუთრებული სირთულეების შემცველი“, – ციტირებს BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის, მარკ დრედზეს სიტყვებს.
მისივე განმარტებით, ტროლების ამგვარი ქმედების შედეგად, საზოგადოების ნაწილმა ვაქცინაციის მიმართ ნდობა დაკარგა და შედეგად, გაიზარდა ინფექციური დაავადებები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპაში წითელას შემთხვევები რეკორდულად მაღალია. ივნისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, აშშ გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე რელიგიური, ფილოსოფიური, თუ სხვა შეხედულებების გამო და აქაც ელოდებიან წითელას „აფეთქებას“.
„ტვიტერში“ აღნიშნული კვლევის შესახებაც ნახავთ რუსული ბოტების პოსტებს, რომლებიც არ ენდობიან კვლევის დასკვნას. (შენიშვნა: კვლევა გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალში, „საზოგადოების ჯანმრთელობა“).
მკვლევარებმა განიხილეს და შეისწავლეს 250-ზე მეტი პოსტი ვაქცინაციის შესახებ. პოსტები დაწერილი იყო „ტვიტერის“ იმ ანგარიშებიდან, რომლებიც დაკავშირებულია სანტკ პეტერბურგის „ინტერნეტის კვლევის სააგენტოსთან“ (IRA).
კვლევის თანახმად, სწორედ აღნიშნული სააგენტო ცდილობს პოლარიზებული აზრი გააჩინოს საზოგადოებაში ვაქცინაციის შესახებ. ისინი წერენ ორ ურთიერთსაპირისპირო აზრს, იწვევენ დებატებს, რაც რეალურად გავლენას ახდენს საზოგადოების აზრის ფორმირებაზე და ჩვენ უკვე ვხედავთ აღნიშნულის შედეგს – როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოების ნაწილმა ნდობა დაკარგა ვაქცინაციის მიმართ და მკვეთრად გაიზრდა ინფექციური დაავადებების მაჩვენებელი.
სოციალური ქსელების ხელმძღვანელები ცდილობენ იპოვონ გზები, რათა არ გახდნენ დეზინფორმაციის პლატფორმა და ხელი შეუშალონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.
„ფეისბუქსა“ და „ტვიტერში“ აცხადებენ, რომ მათ ირანთან და რუსეთთან დაკავშირებულ იმ ანგარიშებს, რომლებიც არაეთიკურ, შეუსაბამო და მანიპულაციურ ქმედებებში შეამჩნიეს, მოქმედება დროებით შეუჩერეს და ზოგიერთი საერთოდ წაშალეს სოციალური ქსელებიდან.
მხოლოდ ივლისში „ტვიტერიდან“ 70 მილიონი ყალბი და საეჭვო ანგარიში წაშალეს.
რა საფრთხე ახლავს ვაქცინაციაზე უარის თქმას?
ოფიციალური მონაცემებით, ევროპაში 2018 წლის პირველ ექვს თვეში წითელათი 41 000 ადამიანია ინფიცირებული, რაც ორჯერ უფრო მეტია ვიდრე მთლიანი 2017 წლის მონაცემები. წითელათი ვროპაში 2018 წლის პირველ ექვს თვეში 37 ადამიანი გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ: რა არის წითელა და რა უნდა იცოდეთ ამ ინფექციის შესახებ?